გეგმავთ მოგზაურობას იტალიაში და გაინტერესებთ, ღირს თუ არა მილანის მონახულება? რა თქმა უნდა – კი! ამ შთამბეჭდავი ქალაქის მონახულება ნამდვილად ღირს. არსებობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ მას. იგი ყველაზე თანამედროვე ქალაქია იტალიაში, თუმცა ასევე მდიდარია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, საკულტო ხელოვნების ნიმუშებითა და არქიტექტურული შედევრებით და, რა თქმა უნდა, რეგიონალური კერძების მრავალფეროვნებითა და საოცარი რესტორნებით.
ქალაქის მუზეუმები, შესანიშნავი საკვები და ადგილობრივი დიზაინერული მაღაზიები არის ის, რაც ყველა მოგზაურს უღვივებს სურვილს, კვლავ დაბრუნდენ ამ შთამბეჭდავ ქალაქში.
როგორ გაემგზავროთ მილანში?
ავიაკომპანია Wizz Air -ი ქუთაისიდან მილანის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას ახორციელებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას, დღეში 1 სიხშირით სრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მალპენსას აეროპორტამდე ფრენა 4 სთ და 20 წთ-ს მოიცავს. რაც შეეხება გამგზავრების დროს, ოთხშაბათობით რეისი 22:25 სთ-ზე მიემგზავრება, ხოლო კვირაობით კი – 05:50 სთ-ზე.
რა უნდა გააკეთოთ მილანში?
- Piazza del Duomo – ტაძრის მოედანი
ეს არის მილანის მთავარი და უდიდესი მოედანი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში და რომლესაც მილანის უდიდესი გითიკური საკათედრო ტაძარი ამშვენებს. ბევრი მთავარი ქუჩა მიემართება აქედან მილანის დანარჩენ ნაწილამდე, ხოლო ზოგიერთი საუკეთესო ღირსშესანიშნაობა კი სწორედ მოედნის პერიმეტრზეა წარმოდგენილი.
- Cathedral of Milan – მილანის საკათედრო ტაძარი
მილანის საკათედრო ტაძარი, რომელსაც ადგილობრივები დუომოს უწოდებენ, ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკლესია, რომლის ფასადი საოცრად თვალწარმტაცი და შთამდეჭდავია.
- Galleria Vittorio Emanuele II – ვიტორიო ემანუელ II გალერეა
მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ცენტრი, დღეს ძვირადღირებული შოპინგისთვის ნამდვილი მექაა, სადაც შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Gucci და Prada. ეს ოთხსართულიანი გალერეა ასევე გამოირჩევა თავისი მდიდრული დიზაინით.
- Leonardo da Vinci Museum – ლეონარდო და ვინჩის მუზეუმი
ლეონარდო და ვინჩის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული მუზეუმი მილანის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და მიმზიდველი ისტორიული ადგილია. მისი ექსტერიერი რენესანსის სტილის მონასტერია, ხოლო ინტერიერში კი თქვენ ნახავთ ინტერაქტიული და საგანმანათლებლო ექსპონატებით მდიდარ გამოფენას.
- Naviglio Grande – ნავილიო გრანდე (მილანის თვალწარმტაცი და ისტორიული არხები)
ნავილის უბანი მილანის განსხვავებული, თუმცა სასიამოვნო მხარეა, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ მომხიბვლელი ურბანული ატმოსფეროთი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით. ეს შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვისაც სურს ისიამოვნოს რესტორნების, ბარების და სანაყინე კაფეების მრავალფეროვნებით, ნავილიო გრანდეს გასწვრივ.
- Parco Sempione – სემპიონეს პარკი
ეს სასიამოვნო მწვანე სივრცე, უზარმაზარი მწვანე ოაზისია მილანის გულში, რომელიც მდებარეობს სფორცას ციხესიმაგრესთან ახლოს. პარკში დროის გატარება სასიამოვნო გამოცდილება იქნება როგორც ზრდასრული ვიზიტორებისთვის, ისე ბავშვებისთვის, რადგან უამრავი ადგილია დასასვენებლად და პიკნიკისთვის.
რა უნდა იცოდეთ Wizz Air -ით მოგზაურობისას?
- თითოეულ მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს 1 უფასო ხელბარგი, რომელიც უნდა მოთავსდეს თქვენს წინ მდებარე სავარძლის ქვეშ. ჩანთის მაქსიმალური ზომა/წონა არ უნდა აღემატებოდეს 40 x 30 x 20 სმ და 10 კილოგრამს.
- Wizz Priority-ის ყიდვისას, ერთი დამატებითი ბორბლებიანი ჩანთა, რომელიც უნდა მოთავსდეს ზედა განყოფილებაში. მისი ზომა/წონა არ უნდა აღემატებოდეს 55 x 40 x 23 სმ-ს და 10 კილოგრამს.
- ჩასაბარებელი ბარგი ავტომატურად არ შედის Wizz Air-ის ავიაბილეთების ღირებულებაში და ის უნდა შეიძინოთ. მგზავრებს შეუძლიათ შეიძინონ 6 ცალი ჩსაბარებელი ბარგი. ერთი ერთეულის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 149 x 119 x 171 სმ-ს, ხოლო წონა კი განსხვავდება ფასის მიხედვით და მოიცავს 10, 20, 26 ან 32 კგ-ს.
- ავიაკომპანიის რეისზე რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა. რეგისტრაცია (check-in) შეგიძლიათ გაიაროთ როგორც აეროპორტში, ისე ონლაინ, ვებ-გვერდის საშუალებით ან მობილური აპლიკაციის დახმარებით. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია დაგეგმილ ფრენამდე 24 სთ-ით ადრე.